TGX-ის მიმოხილვა

TGX-ის ინიციატორია საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ახორციელებს ოქროში ინვესტირების პროექტს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების შეთავაზებით.

პროექტი ითვალისწინებს ოქროს ბაზრისთვის საინვესტიციო კლიმატის შექმნას და სრულ უზრუნველყოფას, რეგიონის პოტენციალის და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.

ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი თავად გამოდის ფასიანი ქაღალდის ემიტენტის როლში და ინვესტორებს სთავაზობს სანდო და უსაფრთხო გარემოს.

ქვეყანაში ოქროში ინვესტირების ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ბიძგს აძლევს ოქროს ბაზრის ბანვითარებას და არ არის ორიენტირებული მოგებაზე, რაც პროდუქტს ანიჭებს განსაკუთრებულ კონკურენტუნარიანობას.

ოქროს სერტიფიკატების პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია 100 პროცენტით გარანტირებულია ეროვნული ბანკის მიერ. გარანტიის საშუალებაა ეროვნული ბანკის საცავში არსებული ფიზიკური ოქრო ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებულ ანგარიშებზე განთავსებული ოქრო.

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი ოქროს განთავსებისთვის თანამშრომლობს მხოლოდ იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებშიც განთავსებულია ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები.

ასევე, ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი ოქროს მართვა ხორციელდება სახელმწიფოს რეზერვების მართვის პრინციპებზე დაყრდნობით.

ეროვნული ბანკის ისტორია: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=143

 

TGX ინვესტირებისა და ვაჭრობის უპირატესობები

ოქროში ინვესტირების შესაძლებლობა გამოირჩევა შემდეგი პირობებით: 

• ინვესტირება შეუძლია ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის და/ან რეზიდენტობის მიუხედავად;
• სრულად დაცულია ინვესტორის კონფიდენციალობა;
• არ არსებობს მონაწილე მხარის რისკი;
• თქვენი ინვესტიცია ოქროში იმართება სახელმწიფო რეზერვების მართვის შესაბამისად;
• სერტიფიკატის მესაკუთრეს მისთვის სასურველ დროს შეუძლია მოითხოვოს ოქროს ზოდის გატანა;
• ინვესტორი მიიღებს მხოლოდ 999.9 სინჯის ოქროს ზოდს; 
• ოქრო მის მფლობელს მიეწოდება ბროკერის საკომისიოს გარეშე;
• ანგარიშსწორება გარანტირებულია კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ TGX ბროკერებს;
• განაცხადების მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში;             
 
ვაჭრობის სისტემა

ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატებით ინვესტირებისა და ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ მართვადი სისტემები (CSD და RTGS), რომლის წევრებს წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები. აღნიშნული სისტემების საშუალებით ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებით ინვესტირებისა და ვაჭრობის მიზნით, ასევე გამოიყენებს TGX ბროკერების ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოეგიებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით ბროკერად აღიარებს საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, რომლებიც ხდებიან TGX ბროკერები.

კომერციული ბანკების, TGX ბროკერის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ხორციელდება სერტიფიკატებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე: შეძენა, გასხვისება, განაღდება, დაგირავება, განაცხადების მიღება.