ხშირად დასმული კითხვები

1. გარანტირებულია თუ არა ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატი?
ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატი გარანტირებულია ეროვნული ბანკის საცავში არსებული შესაბამისი ოქროს ზოდებით ან ოქროს ანგარიშებზე არსებული ოქროს საშუალებით.

2. ვის შეუძლია  ოქროს სერტიფიკატის შეძენა?
ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის ყიდვა შეუძლია ნებისმიერ პირს, მისი მოქალაქეობის და/ან რეზიდენტობის მიუხედავად.

3. როგორ შეიძლება გავხდეთ TGX ინვესტორი?
იმისათვის რომ გახდეთ ინვესტორი მიმართეთ TGX ბროკერს, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები.

4. რამდენი  სერტიფიკატის ყიდვაა შესაძლებელი ?
თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი რაოდენობის საინვესტიციო სერტიფიკატი GIC, რომლის ნომინალია 1 უნცია. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ერთის ჯერადი მოცულობის ინვესტიცია ოქროში. ხოლო ოქროს ზოდის სერტიფიკატის GBC შეთავაზების რაოდენობა მითითებულია საიტზე.

5. შესაძლებელია თუ არა ერთი ან სხვა ოდენობის სერტიფიკატის გაყიდვა?
დიახ, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ოდენობის სერტიფიკატი.

6. იყიდის თუ არა ეროვნული ბანკი მისსავე სერტიფიკატს?
დიახ, ეროვნული ბანკი მოთხოვნისთანავე იყიდის (დაიბრუნებს) ნებისმიერი რაოდენობის სერტიფიკატს.

7. როგორ გავყიდო სერტიფიკატი?
გაყიდვისათვის აუცილებელია მიმართოთ თქვენს მომსახურე TGX ბროკერს და გააკეთოთ განაცხადი სერტიფიკატის გაყიდვაზე.

8. როდის უქმდება სერტიფიკატი?
სერტიფიკატი უქმდება მისი განაღდების (ოქროს ფიზიკური გატანის) მოთხოვნისთანავე.

9. შესაძლებელია თუ არა სერტიფიკატის გაყიდვა მისი განაღდების მოთხოვნის შემდეგ?
არა. განაღდების მოთხოვნა სერტიფიკატის გაუქმებას ნიშნავს.

10. როდის შეიძლება ფიზიკური ოქროს გატანაზე განაცხადის გაკეთება, დამოკიდებულია თუ არა მოთხოვნა ინვესტიციის მოცულობაზე?
სერტიფიკატის განაღდება (ოქროს ფიზიკური გატანა) შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად, მიუხედავად ინვესტირების თარიღის და მოცულობისა.

11. შესაძლებელია  თუ არა სასურველი ოქროს წონის ზოდის მოთხოვნა?
შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში თქვენ სარგებლობთ ინვესტორის სპეციალური მოთხოვნის უფლებით.